ფესტივალის შესახებ | |
2010 წლის 27 ნოემბერი ქართული სპორტისა და ოლიმპიური მოძრაობის ისტორიაში უდავოდ გამორჩეულ ადგილს დაიკავებს. ამ დღეს, ბელგრადში ევროპის ოლიმპიური კომიტეტების რიგით 39-ე გენერალური ასამბლეა გაიმართა, რომელშიც კონტინენტის 50 ქვეყნის ეოკ-თან ერთად ბუნებრივია საქართველოც მონაწილეობდა. თბილისი თუ ჩეხეთის ქალაქი ბრნო? ასამბლეაზე ევროპის ოლიმპიურ ოჯახს უნდა მიეღო გადაწყვეტილება ამ ორი კანდიდატიდან რომელი ქალაქისთვის მიენიჭებინა 2015 წლის ზაფხულის რიგით მე-13 ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის ჩატარების უფლება. ფარული კენჭისყრის შედეგად თბილისმა კონკურენტს ხუთი ხმით აჯობა (26-21), რაც ჩვენი ქვეყნის სპორტისთვის მართლაც ახალი ეტაპის საწყისია. ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალის პროგფრამაში სპორტის ცხრა სახეობაა – ძიუდო, ჩოგბურთი, სპორტული ტანვარჯიში, ველოსპორტი, მძლეოსნობა, ცურვა, ფრენბურთი, ხელბურთი, კალათბურთი. თბილისში კონტინენტის 50 ქვეყნის 3800-მდე სპორტსმენი მოიყრის თავს. ევროპულ სტანდარტებზე მოწესრიგდება სპორტული ინფრასტრუქტურა და აშენდება ოლიმპიური სოფელი. ივლისი 2015
|