ახალი ამბები

ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საბოლოო შეჯამება

01.08.2015
ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საბოლოო შეჯამება

რიგით მე-13 ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი დასრულდა. თბილისმა 50 ქვეყნის 2,334 სპორტსმენს უმასპინძლა. ფრენბურთელები, ხელბურთელები, ძიუდოისტები, კალათბურთელები, მოცურავეები, ჩოგბურთელები, ტანმოვარჯიშეები, ველომრბოლელები და მძლეოსნები 6 დღის მანძილზე ოლიმპიური მედლების მოპოვებისთვის იბრძოდნენ.

თბილისი 2015–ზე არაერთი იმედისმომცემი ათლეტი გამოჩნდა, ტანმოვარჯიშეები ჯიანი ლორენცო რეჯინი–მორანი (GIARNNI LORENZO REGINI-MORAN) და დარია სკრიპნიკი (DARIA SKRYPNIK), კალათბურთელი ჯანან მუსა (Dzanan Musa), მოცურავეები ალექსეი სანცოვი (ALEXEI SANCOV) და ანია ეველინ კეშელი (AJNA EVELIN KESELY). ამ სპორტსმენებს სხვებთან ერთად აქვთ პოტენციალი სპორტის ისტორიაში საკუთარი სახელები ოქროს ასოებით ამოტვიფრონ.

თბილისი 2015–ზე, როგორც მოსალოდნელი იყო, ყველაზე მეტი მედალი (მათ შორის ოქროსიც) რუსეთის დელეგაციამ მოიპოვა. 16 ოქროს, 9 ვერცხლის და 11 ბრინჯაოს მედალი ასეთია მათი საბოლოო მონაგარი. გასაკვირი არც ისაა, რომ რუსებმა მედლების დიდი ნაწილი სპორტულ ტანვარჯიშში მოიპოვეს. სპორტის ამ სახეობაში დარია სკრიპნიკმა (DARIA SKRYPNIK) გაიბრწყინა, რომელმაც ქვეყანას 4 ოქროსა და ერთი ვერცხლის მედალი შესძინა. ტანმოვარჯიშეთა შორის კიდევ ერთ აღმოჩენად შეგვიძლია მივიჩნიოთ ჯიანი ლორენცო რეჯინი–მორანი (GIARNNI LORENZO REGINI-MORAN). დიდი ბრიტანეთის 4 ოქროს მედლიდან 2 სწორედ მან მოიპოვა.

ოლიმპიური თამაშების მთავარი აღმოჩენა უნგრელი მოცურავეები იყვნენ. უნგრეთის დელეგაციამ 23 (9–3–11) მედალი მოიპოვა, აქედან 16 (8–3–5) სწორედ მოცურავეებმა დაიმსახურეს და ამაში ყველაზე დიდი წვლილი თბილისი 2015–ის მთავარმა აღმოჩენამ ანია ეველინ კეშელიმ (AJNA EVELIN KESELY) შეიტანა. 14 წლის მოცურავემ 4 დისციპლინაში შანსი არავის დაუტოვა, 100 მეტრზე თავისუფალი ყაიდით ცურვაში კი მეორე ადგილი დაიკავა. მოლდოვა მედლების ჩათვლაში მეექვსე ადგილზე ალექსეი სანცოვმა (ALEXEI SANCOV), ფაქტობრივად მარტომ გაიყვანა. მოლდოველი მოცურავე სამ დისციპლინაში შეუდარებელი იყო და კიდევ ერთი ვერცხლის მედალიც დაიმსახურა.

საქართველო კი მედლების ჩათვლაში 50 ქვეყანას შორის მეათე ადგილზე გავიდა და ეს ძიუდოისტების დამსახურებაა. ძიუდოისტებმა შესანიშნავად იასპარეზეს და მასპინძლების 10 მედლიდან 9 სწორედ მათ მოიპოვეს, ერთი ბრინჯაოს მედალი კი საქართველოს ტანმოვარჯიშე დმიტრი გოვოროვმა (Dmitri Govorov) მოუტანა. ქართველი ძიუდოისტები თბილისი 2015–ზე ერთ–ერთი საუკეთესოები იყვნენ და საბოლოოდ ყველაზე მეტი, 9 (4–0–5) მედალი დაიმსახურეს. ძიუდოში ყველაზე მეტი, ხუთი ოქროს მედალი კი იტალიამ მიიღო. საბოლოოდ იტალია ფესტივალზე რუსეთის შემდეგ, 24 მედლით ყველაზე წარმატებული იყო. აღსანიშნავია, რომ იტალიელმა მძლეოსანმა კაროლინ ვისკამ (Carolina Visca) ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური თამაშების გოგონათა შორის შუბის ტყორცნის რეკორდი დაამყარა. მან შუბი 60.09 მეტრის დისტანციაზე ტყორცნა და ოქროს მედალი უპრობლემოდ მოიპოვა. მძლეოსნობაში კიდევ ერთი რეკორდი რუსმა ჭოკით მხტომელმა ელიზავეტა ბონდარენკომ (Elizaveta Bondarenko) მოხსნა. რუსმა სპორტსმენმა 4.20 მეტრის სიმაღლის ბარიერი დაძლია.

რეკორდები არ მოუხსნია, თუმცა მძლეოსნობაში საუკეთესო იყო საფრანგეთის დელეგაცია. ახალგაზრდა მძლეოსნება სხვადასხვა დისციპლინაში 12 (6–3–3)მედალი მოიპოვეს და გუნდურ ჩათვლაში საფრანგეთის მესამე ადგილზე (9–5–8) გასვლაში უდიდესი როლი ითამაშეს. ახალგაზრდულ ოლიმპიური ფესტივალზე შეუდარებელი იყო ფრანგ ხელბურთელ ვაჟთა გუნდი და ოქროს მედალი სრულიად დამსახურებულად მიიღეს. გოგონათა შორის ფინალი კი ფესტივალის ერთ–ერთი საუკეთესო თამაში იყო, სადაც რუსეთმა მინიმალური უპირატესობით 21–20 დანია დაამარცხა.

სპორტის გუნდურ სახეობებში ყველაზე დომინანტის შთაბეჭდილება პოლონეთის ვაჟ ფრენბულთელა გუნდმა დატოვა. პოლონელმა მთელი ტურნირი ერთი სეტის წაუგებლად განვლეს და ფინალში ბულგარეთის ვაჟთა გუნდს არანაირი შანსი არ დაუტოვეს. გოგონათა შორის საუკეთესო კი თურქები იყვნენ. ფინალში მათ უმძიმეს ბრძოლაში სერბებს სძლიეს.

გაიბრწყინა ჩეხეთის კალათბურთის გოგონათა გუნდმა, რომელმაც ჯგუფური ეტაპისა და ფლეი–ოფების წარმატებით გავლის შემდეგ, ოქროს მედლისათვის ბრძოლა ბელგიას მოუგო. ევროპაში, ესპანეთის ვაჟ კალათბურთელთა გუნდი ნებისმიერ ტურნირსა და ასაკობრივ ჯგუფში უმთავრესი ფავორიტია და შესაბამისად ბოსნია–ჰერცეგოვინასთან მათი ფინალში დამარცხება მცირე სენსაცია იყო. ჯანან მუსამ (Dzanan Musa) და კომპანიამ ესპანელ თანატოლებს 89:79 მოუგეს და საუკეთესოს ტიტული დაიმსახურეს. ჯანან მუსამ კალათბურთის ტურნირის უდავო MVP იყო და ფინალშიც 26 ქულით ყველაზე შედეგიანი იყო. მიუხედავად ოლიმპიურ თამაშებზე საქართველოს ვაჟ კალათბურთელთა წარუმატებელი გამოსვლისა, გუნდში სულ მცირე ერთი ნათელი წერტილი გიორგი ბითაძე იყო. ბითაძე იმედის მომცემი მოთამაშეა, რომელიც სწორად განვითარების შემთხვევაში წლების შემდეგ ეროვნულ გუნდში ითამაშებს.

მედლების გარეშე დარჩნენ, თუმცა მეოთხედფინალებამდე მიაღწია ოთხმა ქართველმა ჩოგბურთელმა და ორივე, ვაჟთა და გოგონათა წყვილმა. გოგონათა შორის ერთეულთა თანრიგის ოქროს მედლის მფლობელი მთავარი ფავორიტი ჩეხი ლიუსი კანკოვა (Lucie Kankova) გახდა. ვაჟთა შორის ერთეულთა თანრიგი კი ბულგარელმა ადრიან ანდრეევმა (Adrian Andreev) მოიგო. ფინალში ანდრეევმა მცირე სენსაცია მოახდინა და პირველ ნომრად განთესილი ებრაელი იშაი ოლიელი (Yshai Oliel) დაძაბულ ბრძოლაში ანგარიშით 4:6 6:4 6:1 დაამარცხა. ოლიელიმ კიდევ ერთი ფინალი დათმო. ის და როი ჟინატი (ROI GINAT) გაბრიელე ბოსიოსა (GABRIELE BOSIO) და რიკარდო პერინის (RICCARDO PERIN) იტალიურ წყვილთან დამარცხდა. გოგონათა შორის საუკეთესო კი სლოვენიელების დუეტი კატია იუვანი (KAJA JUVAN) და ნიკა რადიშიჩი (NIKA RADISIC) გახდა. ვეცხლი რუმინეთს კი ანდრეა პრისაკარიუმ (ANDREEA PRISACARIU) და სელმა კადარმა (SELMA STEFANIA CADAR) მოუტანეს.

6 დაძაბული სათამაშო დღის შემდეგ ოლიმპიური ცეცხლი ჩაქრა და ის 2017 წელს უნგრეთში, ქალაქ დიორში აინთება, რომელიც რიგით მე-14 ზაფხულის ახალგაზრდულ ოლიმპიურ ფესტივალს უმასპინძლებს.

 

 

 

 

 

 

01.08.2015
ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალი თბილისი 2015-ის საბოლოო შეჯამება
01.08.2015
თბილისი 2015-ის დახურვის საზეიმო ცერემონიალი ოლიმპიურ სოფელში
01.08.2015
იანეზ კოსიანჩიჩის სიტყვა თბილისი 2015 დახურვის ცერემონიალზე
01.08.2015
ქართველი სპორტსმენების მიერ მოპოვებული მედლები
01.08.2015
ბოსიო-პერინის იტალური დუეტი ჩემპიონი გახდა